Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-05
ლელობურთის ტრადიცია ხობში
2014 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ლელოს ფედერაციის და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოში სპორტის ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სახეობის, ლელობურთის ტრადიციის აღდგენა დაიწყო. 
ხობში ყოველწლიურად ეწყობა მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში, რომელშიც 22 ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი მონაწილეობს. სოფლებში ლელოს პოპულარიზებისა და ახალგაზრდობის დაინტერესების მიზნით, თამაშები ზონურობის პრინციპით ტარდება. თამაშები კულმინაციას საეკლესიო-სახალხო დღესასწაულ „ცოტნეობაზე“ აღწევს, როცა, 12 აგვისტოს, ტურნირის ფინალური შეხვედრები იმართება. ლელობურთი მაყურებლის ცხოველ ინტერესს იწვევს და გულშემატკივართა რიცხოვნობა წლიდან-წლამდე იზრდება. ლელო, „ცოტნეობის“ დღესასწაულს კიდევ უფრო ალამაზებს და ერთი-ორად საინტერესოს ხდის მას.
საქართველოში სპორტის ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სახეობა ლელობურთია, ლელო საეკლესიო დღესასწაულებზე იმართებოდა და უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. გურია-სამეგრელოში ლელოს თამაში ბოლო დრომდე შემორჩა. მოედნის შუა ადგილას ბურთს მაღლა შეაგდებდნენ და ვინც დაიჭერდა, ის ცდილობდა მოწინააღმდეგეთა წრე გაერღვია, რათა ლელოს მიმართულებით გაჭრილიყო. ამაში ხელს უწყობდნენ თანაგუნდელები, რომლებიც გუნდად მიჰყვებოდნენ უკან, მოპირდაპირე გუნდის წევრები კი ბურთის წართმევას ცდილობდნენ. თუ მობურთალი დაიღლებოდა, ბურთს თანაგუნდელს გადასცემდა და მოწინააღმდეგეთა ლელოსკენ უკვე ის მიიწევდა. თუ მოპირდაპირენი ბურთს წაართმევდნენ, ახლა ისინი ცდილობდნენ ლელოს გატანას. რომელი მხარეც მეტ ლელოს გაიტანდა, გამარჯვებულიც ის რჩებოდა. ლელოს თამაშის დროს უბანი უბანს, სოფელი სოფელს, თემი თემს ეთამაშებოდა- “მუდამ ხმა დადიოდა, პირველი მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამჩნევი დღე არისო. მართლა, რომ მეტისმეტი რამ ყოფილა ეს დღეობა: აქ ჯიბრობით ბურთაობა ცოდნიათ გურულებსა და მეგრელებს… ნაშუადღევის 4 საათზე ბურთი გაგორდა და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა ჯიმშედ ბერეჟიანის არტელიდან, დაერიენ მეგრელებს და ნახევარი საათის განმავლობაში ბურთი ლელოზე მიარბენიეს. გულდაწყვეტილი მეგრელები ერთმანეთს ებაასებოდნენ: “დევიღუპით, კოჩი, გურულემქ მორჯგინესო”. დავიღუპეთ, კაცო, გურულებმა გვაჯობესო. (“კვალი”, 1897 წ. ¹20). ლელო საბრძოლო მომზადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად ითვლებოდა და ამიტომ ძალიან ჰგავდა საბრძოლო მოქმედებას: “კულაშში თავადი მიქელაძეების თაოსნობით გამართულ ლელობურთში 1 500 ქვეითი და 500 ცხენოსანი მონაწილეობდა” (გაზეთი “დროება”, 1882 წ. ¹74).
“ქართველების ოდენი სხვადასხვა გვარი სათამაშო თითქმის არც ერთ ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუა-გონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს… ბურთაობის დროს თვალი, ფეხი, ხელი, თავი, ტანი და ყველაფერი თანასწორად ეჩვევა სიმარდეს” (აკაკი წერეთელი).
2016-08-05
ოთარ დანელიამ ჭალადიდში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს გაეთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან დვალი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან და ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროს ანგულ მიქავასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე ხიდების მოწყობის სამუშაოებს გაეცვნენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით, ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე (8350 გრძივი მეტრი) ხიდების მოწყობა მიმდინარეობს, კერძოდ აშენდება 36 ახალი (მათ შორის: 7 მძიმე ტექნიკის, 20-საავტომობილო, 9-საფეხმავლო) და კაპიტალურად გარემონტდება 9 ხიდი.
სამუშაოების მთლიანი ღირებულება 940 000 ლარია.
2016-08-05
ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა
ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები 517 ათასი ლარით იზრდება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მხარჯავი დაწესებულებებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში, ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებული გადანაწილების შედეგად გამოთავისუფლებული 18 ათასი ლარი და შემოსავლების ზრდით მიღებული 517 ათასი ლარი, სულ 535 ათასი ლარით განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების დაფინასება. მათ, შორის 520 ათასი ლარი მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. შემოსავლების ზრდა თვითმართველობას შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს ორი, მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი: ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა - 180 ათასი ლარი; ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 250 ათასი ლარი.
2016-08-05
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
5 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგელის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია, გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია ესწრებოდნენ.
სხდომას, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე არჩაია უძღვებოდა. 
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა:
1. 2016 წელს ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული, განსახორციელებელი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
2. მუნიციპალიტეტში გარემოს დაბინძურების შემთხვევების შესამცირებლად ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია განხორციელებული და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. სხდომის თავმჯდომარის განცხადებით ხობში არაერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.
სამოქალაქო საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება ცენტრალურ გზებზე მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებში დამატებით სანაგვე ურნების დადგმის აუცილებლობის შესახებ.
საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიმუშავებს და წარადგენს სამოქალაქო ინიციატივებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.