www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

მუნიციპალიტეტის შესახებ: გეოგრაფია

ხობის მუნიციპალიტეტის გეოგრაფია

  ხობის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის ცენტრში. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - სენაკის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით - ქ. ფოთის ტერიტორია, დასავლეთით - შავი ზღვა.

     ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიიის ზუგდიდის მაზრაში. 1921 წელს ისევ ზუგდიდის მაზრას ეკუთვნის. საბოლოოდ, როგორც ტერიტორიული ერთეული, ჩამოყალიბდა 1965 წლიდან. 

   მუნიციპალიტეტი დაყოფილია 22 ადმინისტრაციულ ერთეულად, რომლებიც მოიცავს 1 ქალაქს და 57 სოფელს. განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200 მეტრამდე, მოსახლეობა ძირითადად ვაკე-დაბლობზე ცხოვრობს, მცირე ნაწილი - გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში. 

     მუნიციპალიტეტის ცენტრი ქ. ხობი (ზღვის დონიდან 25 მ.) დედაქალაქიდან დაშორებულია 285 კმ-ით (რკინიგზით), 15 კმ-ის მანძილზე მდებარეობს სენაკის სამხედრო დანიშნულების აეროპორტი, 65 კმ-ის მანძილზე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო 35 კილომეტრის მანძილზე - ფოთის საზღვაო პორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ჰკვეთს ევრაზიის რკინიგზის მაგისტრალი და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების სიგრძე შეადგენს 310 კმ-ს, მათ შორის: საერთაშორისო მნიშვნელობის - 15,4 კმ, სახელმწიფო მნიშვნელობის - 112 კმ, ადგილობრივი მნიშვნელობის - 182,6 კმ.

      მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ2-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2-470 მ-მდე სიმაღლეზე, განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრით, ცხელი ნოტიო ზაფხულით და ხანგრძლივი თბილი შემოდგომით. ზამთრობით გაბატონებულია აღმოსავლეთის ქარები. წლის ყველა დროს ქრის როგორც ზღვის, ასევე ხმელეთის ქარები. ნალექების საშუალო რაოდენობა ფიქსირდება ზაფხულ-შემოდგომაზე (1700 მმ-დან 1730 მმ-მდე წელიწადში). ჰაერის საშუალო ტემპერატურა 13,7-14,4 გრადუსია (იანვარი - 5,0-6,70C, აგვისტო - 22,6-23,80C). მუნიციპალიტეტის ტერიტორია  მდიდარია ჰიდრორესურსებით, უხვად არის დაქსელილი მიწისზედა და შიდა წყლებით. ანაკლია-ჭურიისა და ნაბადის ჭაობს 3710 ჰა ფართობი უკავია, რომელიც 1936 წლიდან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭაობების სიაშია შეტანილი. მუნიციპალიტეტის  ტერიტორიას ჰკვეთს მდინარეები: რიონი, ხობი, ცივი, ჭურია, ზანა, ცია და მათი შენაკადები, რომელთა შორის აღსანიშნავია დღვაბა, ოჩხომური, მუნჩია (ჭურიის აუზი), ჭანისწყალი (ხობის აუზი). მუნიციპალიტეტს სამხრეთით ჩამოუდის მდინარე ფიჩორი. მდინარეები საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, პატარა მდინარეები კი ჭაობებითაც. ურთის მთის კალთებზე მდებარეობს კარსტული ტბები - პაპანწყვირე და ნაზმახუ, ხოლო ფოთთან - პალიასტომის ტბა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი სამკურნალო თერმული წყლებით (ბევრგან ამოდის გოგირდის შემცველი მინერალური წყლები, რომლებიც ქიმიური თვისებებით ცაიშის მინერალური წყლების მსგავსია), რომელთა ნაწილი გამოკვლეულია მეცნიერთა მიერ, ნაწილი კი საჭიროებს კვლევას. მათ შორის არის უნიკალური ჰიპერთერმული წყლები, რომლებიც უნიკალურია არამარტო საქართველოს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბალნეოლოგიურ წყლებს შორის. გოგორდოვანი წყლის რესურსი ძირითადად განლაგებულია სოფლების გამოღმა პირველი ხორგის, ქვემო ქვალონისა და ბიის ტერიტორიებზე. ასევე მრავლადაა მცირე ტბები. 

წყალდიდობა იცის შემოდგომაზე. წყალმცირობა - გაზაფხულსა და ზამთარში. მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე შავი ზღვის სანაპირო ზოლში დიდი ფართობი უკავია ჭაობებს. ჭაობები და მათი განაპირა კოლხური ტყეები კოლხური ხოხობის ერთადერთი და საყვარელი საბუდარია. აქ შემორჩენილია ულამაზესი ფრაგმენტები ველური ბუნებისა, რომელიც მდიდარია კოლხეთის ფლორის სელიქტური და ენდემური სახეობებით. ამჟამად ეს ადგილები კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა.

ბუნებრივი მცენარეული საფარი ძალზედ სახეშეცვლილია ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად. ძირითადად გავრცელებული კოლხური ტიპის ტყეების მიმდებარედ სასოფლო-სამეურნეო ნარგავები წარმოდგენილია სუბტროპიკული კულტურების - ჩაის, ციტრუსისა და ეთერზეთოვანი კულტურების სახით, რომლებიც მნიშვნელოვან წილს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის შიდა პროდუქტში. მოსახლეობას ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება, რასაც ძირითადად აღწევს სახნავი და საძოვარი ფართობების მაქსიმალური ათვისებით. მემცენარეობიდან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს (ძირითადად სიმინდი), მრავალწლიანი ნარგავებიდან - ციტრუსს, თხილს, დაფნას და ჩაის.

ასევე მნიშვნელოვანი რესურსია საშენი და ინერტული მასალები: ქვიშა-ღორღი, ფლეთილი ქვა. კოლხეთის დაბლობის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ტორფის მარაგი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22% უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები). ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით. აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ტიპის მცენარეები. შავიზღვისპირა ზოლში გავრცელებულია ქვიშიანი ნიადაგების ბალახეულობა და ბუჩქნარი, რასაც დაჭაობებულ ადგილებში ცვლის მურყნის ტყე. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აგრეთვე კარგად დრენირებულ დაბლობზე, მდინარეების ჭანისწყლის, მუნჩიისა და მუნჩიის ზემოთ ბორცვებში გვხვდება კოლხური ტიპის ტყეები, რომლებშიც ძირითადად გავრცელებული ჯიშებია: მუხა, ნეკერჩხალი, რცხილა, წაბლი, ლაფანი. ზოგან შემორჩენილია რელიქტური მცენარე ძელქვა, ფართოდაა განვითარებული ლეშამბოიანები - ჩვეულებრივი სურო, ღიჭი, გარეული ვაზი, ღვეტკეცი და სხვა. ქვეტყეს ქმნის წყავი, შქერი, ბზა, ბაძგა, თაგვისარა, ბევრგან არის ჭადრის, ალვის ხის, კვიპაროსის, კედრის, ზოგან - ხეხილისგან შექმნილი ქარსაცავი ზოლები. 

მუნიციპალიტეტის ტერიტორია რელიეფის მიხედვით იყოფა შემდეგ ნაწილებად:

1. მდინარეების ჭურია-ხობი-რიონის შუეთის ვაკე დაბლობი; 

2. ურთის მთა (აბსოლუტური სიმაღლე - 466 მეტრი), რომელიც პალეოგენური კირქვებითა და მერგელებითაა აგებული. გვხვდება მრავლობითი მღვიმეები, ძაბრები და სხვა კარსტული ფორმები, რომლებიც საჭიროებენ შემდგომ კვლევას. 

3. ჭიხუს ბორცვნარი - მდებარობს მდინარეებს მუნჩიასა და ხობს შორის. ის წარმოადგენს ეონური ფორმინეფერებიანი მერგელებით აგებულ წარმონაქმნს. 

4. ბიის მაღლობი, რომელიც აგებულია ოლიგოცენური (მაიკოპური) თიხებით, რაც დაფარულია ნეოგეური ქანებით (თიხები, ქვავიშები, მერგელები, კონგლომერატები), დამახასიათებელია მეწყრული რელიეფი. 

5. ხიბულის სერი მდინარეების ხობისა და მისი მარჯვენა შენაკადის ჭანისწყალს შორის მდებარეობს, სიმაღლე 100-130 მეტრია, რაც სამხრეთით გადადის მეოთხეული ზღვიური და კონტინენტური ნალექებით აგებულ ზენის ვაკე-დაბლობში (40-70 მ). 

6. ზენის ვაკე - დაბლობი.

მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს წარმოადგენს მიწა. ხობის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარული რაიონია. ტერიტორიის 44%-ს, ანუ 29942 ჰა-ს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენს. სავარგულების 45%, ანუ 13515 ჰა სახნავი მიწებია, საძოვარი - 12588 ჰა, სათიბი - 11 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები - 3828 ჰა.


ასევე იხილე კატეგორიაში - მუნიციპალიტეტის შესახებ: