www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

მუნიციპალიტეტის შესახებ: ისტორია

ხობის მუნიციპალიტეტის ისტორია

             ხობის მუნიციპალიტეტს კოლხეთის ზღვისპირა ზოლის ბარის ცენტრალური ნაწილი უკავია. ეს ის რეგიონია სადაც კოლხური კულტურის ჩასახვა-განვითარება მიმდინარეობდა. ამავე რეგიონში მოიაზრება საქართველოს უძველესი ურბანისტული ცენტრი ფაზისიც. აქ მთავრდებოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ცნობილი აბრეშუმის გზა და აღმოსავლური და დასავლური კულტურების შეხვედრებისა და დიალოგის ადგილი იყო.

               ხობი ჰქვია მდინარესაც, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონიდან და უერთდება შავ ზღვას, სოფელ ყულევთან. ანტიკური ხანის ისტორიკოსები მდინარე ხობთან აიგივებენ მდინარე ქარიენტეს, ქარიატა ჰქვია დღესაც ბოლო სოფელს, რომელსაც გაივლის მდინარე ხობი. გადმოცემის თანახმად სწორედ მდინარე ხობის პირას მოუკლავთ ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი მეფე გუბაზი (562 წ).

            ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია კოლხეთის დიდების დამადასტურებელი ისტორიული ძეგლებით - 20-მდე მიწისზედა და 300-მდე მიწისქვეშა ძეგლია. აქ მოპოვებული მასალები გამოფენილია თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ხეთის მუზეუმებში. ძველი წელთაღრიცხვის IV-I ათასწლეულებში კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ ბორცვებზე იყო განლაგებული, ისინი ტორფისა და თიხის ქვეშ არიან დაძირულნი. სოფელ ყულევში 2002 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის IX საუკუნის კოლხური ნამოსახლარი. თიხის ჭურჭელში ნაპოვნია ყურძნის წიპწები, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნით. სოფელ ჭალადიდში 2009 წლის თებერვალში აღმოჩენილია აბრეშუმის საშრობი ნაგებობა-ღუმელი, აბრეშუმის საქსოვი ხელსაწყო, რომლითაც დასტურდება, რომ საუკუნეების წინ აბრეშუმის ქსოვილს სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდნენ. ასევე აღმოჩენილია IV საუკუნის ბერძნული ამფორები და სამკაულები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხობის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი. მეცნიერთა ვარაუდით ტაძარი აშენებული უნდა იყოს VII-XIV საუკუნეებში, ხალხური გადმოცემით ტაძრის აშენებას უკავშირებენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. ხობის მონასტერში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დასვენებული ყოფილა უდიდესი სიწმინდეები: მარიამ ღვთისმშობლის კვართი, წმ. გიორგის ბარძაყი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილი, შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით ბევრია ბრინჯაოს ხანის ძველკოლხური ნამოსახლარები. აქ წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, კერძოდ კი კოლხეთის ისტორიის შესწავლის საქმეში. ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში ქვალონის „ნაოხვამუზე“ შემდეგ კი ჭალადიდში, თორსა-დღვაბასა და ყულევში წარმოებულმა გათხრების შედეგებმა მსოფლიოს არქეოლოგთა ყურადღება მიიპყრო და დღეს ამ ძეგლებზე მოპოვებული მასალების გათვალისწინების გარეშე ძველი ისტორიის და კულტურის სრულფასოვანი გააზრება შეუძლებელია. აქ მოპოვებული ცალკეული ექსპონქტები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო საარბრიუკენის, ბოხუმის, ვისბადენის და მოსკოვის თემატურ გამოფენებზე და საყოველთაო აღიარება ჰპოვა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა ისტორიული ძეგლებით. აქ ორი მუზეუმია - ხეთაში „საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, ხოლო ქ. ხობში - „ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი“. მუნიციპალიტეტში 22 მიწისზედა ისტორიული ძეგლია, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხობის მონასტერი, მისი აშენების შესახებ ზუსტი თარიღი არ არსებობს, ბოლო დროს ახალი კანკელის ბაზის მომზადებისას აღმოჩნდა ძველი კანკელის ჩუქურთმიანი და ფრესკურ-საღებავიანი ბაზა, რომელმაც მეცნიერებს მისცა საშუალება მინიმუმ ერთი საუკუნით მაინც უკან გადაეწიათ ტაძრის დაარსების თარიღი. ისტორიკოს ნოდარ შონიას აზრით იგი გუბაზ მეფის მკვლელობის ადგილას აშენდა. ხალხური გადმოცემებით ტაძრის აშენება უკავშირდება დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს, ამიტომაც იყო, რომ დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა ცოტნე დადიანსა და ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“. ხალხში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ხობის მონასტერთან დავით აღმაშენებელს საზაფხულო სადგომი ჰქონია, რაც არც თუ უსაფუძვლოა. ვახუშტი ბატონიშვილი ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერს: „ჟამსა ერთსა გარდავიდა მეფე გეგუთსა და მუნით ხობსა“. ხალხის მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ ხობის ტაძარში დასვენებული იყო დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრები, ტაძრის ეს ნაწილი ცოტნე დადიანის ოჯახისა და მათი შთამომავლების საძვალედ ითვლება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად სწორედ ეს აკლდამა აღმოჩნდა. სამუშაოებს აწაროებდნენ არქეოლოგები რევაზ და ნანა პაპუაშვილები და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია. ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსების ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ ტაძარში დასვენებული იყო უდიდესი სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, წმინდანთა ნაწილები, უძვირფასესი ხატები, ხელნაწერები და სხვა, რომლებიც სხვადასხვა მუზეუმებშია გაბნეული. ხობის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შედეგად გამოვლინდა ძველი წელთაღრიცხვით VIII-VII საუკუნეების კოლხური ნამოსახლარები. არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ხობის ცნობილი მონასტერი არ აშენებულა ცარიელ ნიადაგზე, აქ ამ ტაძრის აგებამდე მინიმუმ 1500 წლით ადრე ცხოვრება დუღდა. თუ იმ ნივთებსაც გავითვალისწინებთ, რომლებიც სხვადასხვა დროს და პერიოდს განეკუთვნება (ისინი ნაწილობრივ ავსებენ 15000 წლიან მონაკვეთს), მაშინ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ იმ მთაზე, რომელზეც ხობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, ცხოვრება იწყება თითქმის 30 საუკუნის წინათ და გრძელდება დღემდე“. . .

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: „ჩეოხვამე“ - წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია ხეთის საქირიოს უბანში, „ყურუმელიას“ ჯიხა-ციხე, „მაჩხომერის“ და „ჯეგეთას“ არქიტექტურული კომპლექსები. „მისარონფერდი“ სოფელ ხამისkურში და წმინდა სოფიოს ეკლესია.

„მისარონფერდი“ და „ჯეგეთა“ ადრეული პერიოდის ნაქალაქარის შთაბედილებას ტოვებს. საბჭოთა წყობილების დამყარებამდე „ჯეგეთას“ სამლოცველო მთელი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. აქ ამოსვლა ყველას ეკრძალებოდა და თუ ვინმე ამ მხარეში მოხვდებოდა არა თუ ხის მოჭრას, ხმელი ტოტის წაღებასაც კი ვერ გაბედავდა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ 23 აპრილს გიორგობას ხალხი „ჯეგეთაში“ ღამისთევით სალოცავად მოდიოდა.

წმინდა კვირიკეს ეკლესია, რომელსაც ხალხი „ჩეოხვამეს“ - თეთრ სალოცავს ეძახის, ძველ კოლხურ ნამოსახლარზე დგას. ცნობილი მეცნიერები დავით ლომიტაშვილი და რევაზ პაპუაშვილი არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ ტაძარი მე-4 საუკუნეში იყო აშენებული. აქ შემთხვევით აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ფორმის ქვა-ჯვარი.

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია წმ. სოფიოს ეკლესია. სავარაუდოდ მის ქვეშ გვირაბია, რომელიც მდინარე მუნჩიას ნაპირებამდე გადის. აქ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს პირველი საუკუნეების მიჯნის რომაული ვერცხლის მონეტა და თიხის გველის თავი, რომელზედაც ჯვარია გამოსახული. გველს როგორც სიმბოლოს ორმაგი დანიშნულება აქვს, თუ ის ცნობადის ხეზეა გამოსახული ბოროტია, ხოლო სიცოცხლის ხეზე ქრისტეს განასახიერებს. ქართულ ხალხურ ზღაპრებში გველი ნატვრის თვალის პატრონია, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იგი სიბრძნის სიმბოლოა, სოფიო კი სიბრძნეს ნიშნავს. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ წმ. სოფიოს ტაძრის ეზოსა და მისი შემოგარენის შესწავლა ჩვენი ისტორიის ბევრ ბურუსით მოცულ ფაქტს ნათელს მოჰფენს.

ხეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიიდან ოციოდე მეტრში ბრინჯაოს გრიფონი აღმოჩნდა, რაც ჩვენში მითრას კულტის გავლენის დამადასტურებელია. ჩვენში მითრას - მირსას, მისარონს უწოდებდნენ სამეგრელოში. იგი სინათლის სიმბოლო იყო. გრიფონის ყველაზე თვალსაჩინო დეტალი დიდი თვალებია. ხეთაში აღმოჩენილი გრიფონი წინა ქრისტიანულ ხანაში აქ არსებული სალოცავის მთავარი კულტმსახურის ტახტის სამშვენისი უნდა იყოს. ქრისტიანულ ეპოქაში გრიფონები გამოიყენებოდა ნაგებობის სამშვენისად და აღდგომის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.

მუნიციპალიტეტის ისტორია მოწმობს, რომ ხობელები იმ ცხოვრებით ცხოვრობდნენ რითაც დანარჩენი ქართველები. XIX საუკუნის დამდეგიდან ჩვენში რუსული მმართველობა დამყარდა. ამ დროს დაწინაურდა მდინარე ხობის შესართავთან მდებარე სოფელი ყულევი, რომელსაც კემხელი ერქვა. რუსულმა მმართველობამ 1804 წელს სამხედრო-სიმაგრე რედუტი ააგო და ამ სოფელს რედუტ-კალე უწოდეს, შემდეგ იგი საპორტო ქალაქად აქციეს. 1853-1855 წელს ყირიმის ომის დროს ქალაქი თურქებმა გადაწვეს, ამის შემდეგ იგი დაქვეითდა. 1918 წლიდან ამ სოფელს ყულევი ეწოდება. ამჟამად აქ დიდი სანავთობო ტერმინალი ფუნქციონირებს.

XX საუკუნის მოვლენები ხობსა და ხობელებს აქტიურად შეეხო. ხობელები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას რევოლუციებში, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში, 1924 წლის აჯანყებაში, მრავალი ხობელი შეეწირა საბჭოურ რეპრესიებს, მეორე მსოფლიო ომს, შემდგომ იყო ე.წ. კომუნისტური „აღმავლობა“, რომელსაც მოჰყვა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

1961 წელს ხობის რაიონული ცენტრი დაბად გამოცხადდა, ხოლო 1981 წელს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ამჟამინდელი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია კოლხური სახელმწიფოს ცენტრში მდებარეობდა და იგი კოლხურ კულტურასა და ეკონომიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა, დღეისათვისაც ხობის მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესებში და დღესაც არსებობს ბუნებრივ-გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული რესურსები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ხობმა კვლავ შეასრულოს ის ფუნქციები, რასაც ის ასრულებდა ძველად და აქტიური მონაწილეობა მიიღოს არამარტო ქვეყნის ცხოვრებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ექვთიმე თაყაიშვილი - „ძველი საქართველო“ ტომი მე-3

თინათინ ყაუხჩიშვილი - „ჰიპოკრატე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ“

თინათინ ყაუხჩიშვილი - „ხობის მონასტრის ფრესკები“

კალისტრატე ჩიჩუა - „ხობის მონასტერი“

რეზო პაპუაშვილი - „ყულევის არქეოლოგიური გათხრები“

გოგიტა ჩიტაია - „ხობის მონასტერი“


ასევე იხილე კატეგორიაში - მუნიციპალიტეტის შესახებ: