www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

ხეთა: ხეთის შესახებ

ადმინისტრაციული შენობა

ხეთა

ფართობი - 2256,21 ჰა.

მოსახლეობა - 4089 ადამიანი

შემავალი სოფლები: ლარჩვა (თემის ცენტრი), ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა.

მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 8 კმ.

 

ხეთის თემი ურთის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. სახელწოდება ხეთა ძალიან საინტერესოა, მსგავსი ტოპონიმები საქართველოს სხვა კუთხეებშიც გვხვდება, მის შესახებ ზუსტი  სამეცნიერო განმარტება არ არსებობს, შესაძლოა ხეთა, მცხეთა, ცხეთა, რომელიმე ძველი ქართული (კოლხური) ღვთაების სახელი იყოს.

   ხეთის თემის ცენტრი ხობიდან დაშორებულია 8 კმ-ით. მასში შედის სოფლები: ლარჩვა, ნაჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა. 1930 წლამდე ხეთის თემში შედიოდა დღევანდელი: ხამისკურის, თორსა-დღვაბის, პირველი მაისის თემების ტერიტორიები.

ხეთაში ცხოვრობს 226 გვარის 1461 კომლი. ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ბუკია, ლატარია, ჭითანავა, ქირია, ტურავა, გაბრავა, გაბისონია, არაჰამია, კუტალია, ესებუა, კოდუა, კანკია, კუკავა, ბაჩილავა, ბაძაღუა ...

ხეთის კლიმატური პირობები და ნიადაგები საუცხოოა სუბტროპიკული კულტურებისათვის, კარგად ხარობს დაფნა, კივი, ფეიხოია. ურთის მთის ფერდობებზე შემორჩენილია ზეთისხილის ხეებიც.

 თემში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი.

ხეთაში მოქმედებს ,,საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი’’.

„ოხვამეკარში“ მდებარეობს წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მიქამგარიოსაც“ უწოდებს. აქ, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის I მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი: გიორგი კობახიძე, ბესარიონ კობახიძე, მიხეილ გვასალია, მიხეილ მეუნარგია, სოლომონ საჯაია, გიორგი გეგეჭკორი, სოლომონ გეთია, ოქროპირ ქირია, თევდორე ქირია, აკაკი ფიფია; დიაკვანნი: იოანე წულაია, ლავრენტი კვარაცხელია; მედავითნენი: სილიბისტრო ჩიქვანაია, გოგი ლატარია, არქიფო ვართაგავა, მიხეილ ტურავა. ამჟამად ტაძრის მღვდელმსახურია მღვდელი ცოტნე ბიწაძე. ამ ტაძრის ადგილას უფრო ძველი ტაძარი მდგარა, იგი დაურღვევიათ და 1885 წელს ხელახლა აუშენებიათ. ტაძრის მიდამოებში აღმოჩენილია ბრინჯაოს გრიფოინი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ აქ სალოცავი წინაქრისტიანულ ხანაშიც უნდა ყოფილიყო. ამასვე მიუთითებს სახალხო დღესასწაული „მიქამგარიობა“, რომელიც აღდგომის შემდგომ ორშაბათს იმართება, ამ დღეს არანაირი საეკლესიო დღესასწაული არ არის, მაგრამ უამრავი ხალხი ჩამოდის სხვადასხვა სოფლებიდან. მლოცველები „მიქამგარიოს“ შინაური პირუტყვის გამრავლებას შესთხოვენ...

საქირიოში ღელე ,,ფშხერულის’’ მარცხენა ნაპირზე დგას წმ. კვირიკეს სახელობის ეკლესია, რომელსაც მოსახლეობა „ჩეოხვამესაც“ უწოდებს. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია და სასწრაფო და გადაუდებელ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს, მითუმეტეს, რომ ნაგებობები ადრექრისტიანული ხანისაა. რაფიელ ერისთვის მიხედვით აქ ცაიშის ეპისკოპოსებს საზაფხულო სადგომი ჰქონდათ.

კორცხოს უბანში დგას წმ. თევდორეს სახელობის ეკლესია, რომელიც ასევე ძლიერ არის დაზიანებული, ნაგებობაში ჩატანებული წარწერიანი ქვის მიხედვით იგი მღვდელ მარკოზ კუტალიას 1820 წელს ცაიშის მიტროპოლიტის გრიგოლ ჩიქოვანის ბრძანებითა და შეწევნით აუგია.

წინაგოლაში არის ძველკოლხური პერიოდის ნამოსახლარები, ე.წ. „დიახაგუბები“.

ხეთიდან არიან გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები: თედო სახოკია და იპოლიტე ვართაგავა.

თედო სახოკია (1868-1956) - მწერალი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს. 1886 წლიდან სწავლობდა ჯერ ჟენევის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. 1902 წლიდან იყო საფრანგეთში მყოფი ქართველების არალეგარული გაზეთის „საქართველოს“ რედაქტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. თანამშრომლობდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში, განსაკუთრებით კი „ცნობის ფურცელსა“ და „მოამბეში“. 1916 წელს დაბრუნდა საქართველოში, მან შეკრიბა ქართული ანდაზები და ქართულ ხატოვანი სიტყვა-თქმანი, რომელიც გამოქვეყნდა 1967 წელს.

 იპოლიტე ვართაგავა (1872-1967) - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი. დაიბადა მედავითნის ოჯახში. დაწყებითი განათლება ხეთის სკოლაში მიიღო, შემდეგ დაამთავრა სენაკისა და თბილისის სასულიერო სასწავლებლები. 1895 წელს შევიდა ყაზანის აკადემიაში, რომელიც 1899 წელს დაამთავრა სამეცნიერო ხარისხით. 1899-1907 წლებში მუშაობდა სიმფეროპოლის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1907-1918 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის რუსული ლიტერატურის მასწავლებლად. საბჭოთა პერიოდში ძირითადად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. წერა დაიწყო იპო ხეთელის ფსევდონიმით. მის კალამს ეკუთვნის 200-მდე მონოგრაფია და სტატია. მისი მოგონებების ორი წიგნი ქართული მემუარული ლიტერატურის საუკეთესო ნაწილია.

 

ლიტერატურა:

თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.

პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.

გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.

ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.

ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001


ასევე იხილე კატეგორიაში - ხეთა: