www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

ბია: ბიის შესახებ

ადმინისტრაციული შენობა

ბია
ფართობი - 1864,04 ჰა.
მოსახლეობა - 816 ადამიანი
 შემავალი სოფლები: ბია (თემის ცენტრი), ბია-საშონიო, ზემო ბია. 
 მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 5 კმ. 
 
ბია ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ულამაზესი, ბორცვ-გორაკიანი თემი, ქ. ხობიდან დაშორებულია 5 კმ-ით. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობის მარცხენა სანაპიროზე. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 209 მეტრია, ხოლო დაბალი 35-50 მეტრი. 
 მას ესაზღვრება თემები ხორში, ნოჯიხევი, საჯიჯაო და პირველი მაისი. ბიის თემი შედგება სამი სოფლისგან: ბია, ზემო ბია, ბია- საშონიო.
გავრცელებული გვარებია: იოსავა, შონია, ბიგვავა, თუთბერიძე, ალექსანდრია, თოდუა, გვასალია, ჭითაშვილი, ადამია. 
2002 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ბიის თემის საკრებულოში სულ ცხოვრობდა 816 სული, (მათგან კაცი - 392, ქალი - 433). 
 ბიის ტერიტორიაზე კარგად ხარობს ჩაი და ტუნგო, მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას, მემარცვლეობას, მეხილეობას, სოფელში არის სამკურნალო გოგირდოვანი წყარო, რომელიც ეფექტურად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებზე.
ბიის, როგორც დასახლების ძირითად და საწყის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ დღევანდელი ზემო ბია. აქ იყო ეკლესია და სკოლა, რომელიც მღვდელ პროხორე იოსავას მე-19 სააუკუნის ბოლოს დაუარსებია მე-19 სააუკუნის მეორე ნახევრიდან მოსახლეობამ დაიწყო გადასვლა დასავლეთით, მდინარე ხობის მიმართულებით და სოფლის ცენტრმაც შესაბამისად გადაინაცვლა აქ, მე-19 სააუკუნის ბოლოს მღვდელ ნესტორ სასანიას ინიციატივით სოფელში აშენდა მაცხოვრის სახელობის ეკლესია, რომელიც მე-20 სააუკუნის ოციან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია... აქვე, ნესტორ სასანიას, სოლომონ იოსავას დახმარებით სამრევლო სკოლა გაუხსნია. სოლომონ იოსავას უმაღლესი აგრონომიული განათლება შვეიცარიაში ჰქონდა მიღებული. იგი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ ,,ივერიასთან“, მან დიდად შეუწყო ხელი ჩაის კულტურის განვითარება-გაშენებას, ჩამოიტანა და გააშენა უნიკალური ვაზის ჯიშები, პირველმა შემოიტანა სამეგრელოში სიმინდის ჩრჩილის წამალი. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ღრმად მოხუცი სოლომონი საბჭოთა ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა და შემდგომ გადაასახლა, ღვაწლმოსილი ადამიანი გზაში გარდაიცვალა. მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ბიაში პედაგოგ გრიგოლ შონიას თაოსნობით საშუალო სკოლა გაიხსნა. გრიგოლ შონია იყო 1924 წლის აჯანყების აქტიური მონაწილე და ხობის აჯანყებულთა ერთ-ერთი მეთაური. ამჟამად ბიის სკოლა მის სახელს ატარებს. ბიაში თავისი ბავშობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუტარებია თედო სახოკიას. მისი ბებიის ძმა, მღვდელი შიო იოსავა სამეგრელოში განთქმული სასულიერო პირი იყო. თედოს გადმოცემით მღვდელი შიო მეტად განათლებული და ამავე დროს ხალხისადმი თბილი დამოკიდებულებით გამორჩეული პიროვნება ყოფილა.
ბიაში საინტერესო ტოპონიმებია: გოხორხილი, დიდნიშია, დიდპალოტი, კიტიაშ ნახორი, მენჯი, ნაჯვარუ, ობორიანე, ონასუმორე, ფოქვაში, ჩელაღუა, ნართი, პარტიკი, ბჟალეთი, ჩხანა, მაგანა, ჭითაორზე, მორთელი, ცუკურუ, უჩადიხა, დობერა, უჩა ორზე, ოგანე, ოზამეხე, წიფანავოკი, ოხვამეფერდი, ნაჯარგვალუ, ნაცამაღუ, ჯელეკონა.
ბიის ყველაზე მაღალ ბორცვზე წმინდა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია დგას, ამ ბორცვს მოსახლეობა ,,ოხვამეფერდს“ უწოდებს. ბორცვის სამხრეთით გამოდის ანკარა ცივი წყარო, რომელსაც ,,ღარღულას“ ეძახიან. ტაძარს ეტყობა, რომ იგი ბევრჯერ არის გადაკეთებული. აქ, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი: შიო იოსავა, პროხორე იოსავა, იოანე იოსავა, ლავრენტი იოსავა, სტეფანე სახოკია. დიაკვანნი: პავლე გვასალია, ხარტონ ძიძავა. მედავითნენი: ალექსი სიჭინავა, ალექსი ჭიჭინაძე, ალფეზ ჭიჭინაძე.
საბჭოთა ხელისუფლებამ მე-20 საუკუნის ოციან წლებში აკრძალა მღვდელთმსახურება, ათწლეულების განმავლობაში ტაძარი მოუვლელი იყო, სახურავი ნაწილობრივ ჩაინგრა, ნაგებობა ხე-მცენარეებით დაიფარა. მე-20 საუკუნის ბოლოს, წარმოშობით ბიელების, ამჟამად თბილისში მცხოვრები ძმების ვაჟა და გენადი ღადუების მატერიალური შემწეობით შეკეთდა სახურავი, ხოლო დავით იოსავას მატერიალური შემწეობით დაიგო ახალი კირქვის იატაკი.
 ტაძართან იმართებოდა სახალხო დღესასწაული, რომელიც ,,მალანურობის“ სახელით არის ცნობილი მსგავსი რამ სხვაგან საქართველოში არ არის ფიქსირებული - მარიამობის მომდევნო კვირას უამრავი ხალხი შეიკრიბებოდა, საგანგებოდ შეარჩევდნენ უცოლო ახალგაზრდებისაგან 12 ,,მალანურს“. დღესასწაულის დასკვნით ეტაპზე ისინი ორად იყოფოდნენ და ეკლესიის წინ დადებულ „კვაკვს“ ჭოკს (ანუ ხის გრძელ, სწორ ჯოხს) ორივე მხარეს ჩაავლებდნენ ხელს და ცდილობდნენ თავიანთ მხარეს გადაეზიდათ. ხალხს მიაჩნდა, რომ რომელი მხარეც გაიმარჯვებდა, იმ მხარეს უხვი მოსავალი იქნებოდა.
 
ლიტერატურა: 
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007. 
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007. 
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001.
 

ასევე იხილე კატეგორიაში - ბია: