www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

თორსა-დღვაბა: თორსა-დღვაბის შესახებ

 

თორსა - დღვაბა 
ფართობი - 3102,06 ჰა.
მოსახლეობა - 1435 ადამიანი.
შემავალი სოფლები: თორსა (თემის ცენტრი), დღვაბა, საბუკიო.
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 10 კმ.
 
თორსა-დღვაბის თემში შედის სამი სოფელი: თორსა, დღვაბა, საბუკიო. სამივე სოფელში ერთად ცხოვრობს 74 გვარის 446 კომლი, 1930 წლამდე ის შედიოდა ხეთის თემში. ხობიდან დაშორებულია 10 კმ-ით, ხეთის თემიდან კი 3 კმ-ით. თემის ტერიტორია განფენილია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჭურიის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 8-10 მ-ზე. გავრცელებული გვარებია: ლატარია, ბუკია, წულაია, შელია, გულუა, ბერიშვილი, კოდუა, სორდია, ჯგერენაია, ნანეიშვილი, აბშილავა, სიჭინავა, ბაჩილავა, ჭუმბურიძე, კვაშილავა, რაფავა… შელიები, წულაიები, ქადარიები, სორდიები XIX საუკუნის შუახანებში სოფელ ჭალიდან ჩამოსახლდნენ. ,,თორსა“ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ჭაობს, ღრმა ტლაპოს, სადაც ყველაფერი იძირება, „დღვაბა“ კი - ტალახიან-ჭაობიან დაგუბებულ წყალს. სოფელს გარს აკრავს კოლხური ტყეები. მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას, მემარცვლეობას. აქაურ მიწებზე კარგად ხარობს სუბტროპიკული კულტურები: ჩაი, დაფნა, კივი, თხილი, ფეიჰოა ....
 თემში მოქმედებს საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
სოფლის ტერიტორიაზე საინტერესო ტოპონიმებია: აფხათხორილი ძველკოლხური ნამოსახლარი, ციონა - ჭაობი, ტყეები: წუქურო, თარხვანტიონი, ხიჭკონი, ურეკი - უღრანი ტყე მინდვრები: ნაბსქალმუხური, ოჭაკინუ, ღელეები: ჯვეშოჩხომური და გეგუწია. სუჯუნათი - უბანი, ჭაკინი.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დღვაბაში ფუნქციონირებდა წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. ეკლესიასთან მთავარანგელოზობას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ამას გარდა საშელიოში და საბუკიოში აღნიშნავდნენ „მარაშინას“ - მარიამობის დღესასწაულს. მართალია, სოფელში და მის შემოგარენში არ არის შემორჩენილი მიწისზედა ისტორიული ძეგლები, მაგრამ სამაგიეროდ, აქ უამრავი არქეოლოგიური ძეგლია. მრავლად არის შემორჩენილი ძველკოლხური პერიოდის ხელოვნური მიწაზვინულები - „დიხაგუძუბები“. მართალია, ზოგიერთი მათგანის ზედა ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადასწორებულ იქნა და ძეგლები დაზიანდა, მაგრამ ქვედა ფენები შემორჩენილია. არქეოლოგიური ძეგლების რაოდენობიდან და მოცულობიდან გამომდინარე, წესით, თორსა-დღვაბა ნაკრძალად უნდა იყოს გამოცხადებული. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დღვაბის უბან ,,სუჯუნათში’’ არქეოლოგების მიერ გაითხარა ძველკოლხური სამაროვანი. აქ მოპოვებულმა უნიკალურმა მასალებმა ახალი და საინტერესო ფურცლები შეჰმატეს საქართველოს უძველესი პერიოდის ისტორიას. ძალიან საინტერესო ძეგლებია: საბუკიოში მურმან და მურთაზ ჭითანავების ეზოებში, საშელიოში, დღვაბაში ჯიჭონაიების ეზოში. სოფელ დღვაბის დასავლეთით ტყეში არის ადგილი, რომელსაც „ონოშქერე“ ქვია, აქ საკმაოდ დიდი ხელოვნური მიწაზვინულია. 
2011 წლის ზაფხულში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (რექტორი რ. აფაქიძე) არქეოლოგიურმა ჯგუფმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ არქეოლოგები ვახტანგ ჯაფარიძე და ლევან ჭაბაშვილი გერმანელ არქეოლოგებთან ერთად დაიწყეს „ტაბაკონას დიხაგუძუბის“ შესწავლა. 
 
ლიტერატურა: 
თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007. 
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007. 
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001.
 

ასევე იხილე კატეგორიაში - თორსა-დღვაბა: