www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge

ნოჯიხევი: თემის შესახებ

 

ნოჯიხევი

ფართობი - 1657,52 ჰა.

მოსახლეობა - 3467 ადამიანი.

შემავალი სოფლები: ნოჯიხევი (თემის ცენტრი), ზენი, კუთხე ნოჯიხევი, ნაფოშტუ, დასახლება.

მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 3,5 კმ.

 

ნოჯიხევი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 30 მ-ზე, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 3,5 კმ-ის დაშორებით. მისი ადგილობრივი მეგრული სახელწოდება არის ,,ნოჯიხი“ რაც ნაციხარს ნიშნავს (ჯიხა ქართულად ციხეა). დღეისათვის სოფელი ნაციხარიდან საკმაოდ დაშორებულია, ძველად იგი ციხის ირგვლივ უნდა ყოფილიყო განთავსებული. მე-19 საუკუნეში მიმდინარე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა სოფელი უფრო ქვევით, ვაკე ადგილებისაკენ გადასწია, მე-20 საუკუნეში კი მან მთლიანად რკინიგზის სადგურ ხობის მიმართულებით გადაინაცვლა.

 ნოჯიხევი შედგება შემდეგი უბნებისაგან: ცენტრი, ზენი, კუთხენოჯიხევი, ნაფოშტუ, დასახლება, რომელსაც ხანდახან მეორე ხობსაც უწოდებენ. 1998 წლის აღწერით ნოჯიხევში 186 გვარის 787 კომლი ცხოვრობდა. 2002 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად ნოჯიხევის თემში 3103 სული დაფიქსირდა. გავრცელებული გვარებია: ცხადაია, გერგაია, ცქირია, ქაქუთია, ჩიტაია, სიჭინავა, ჯორჯიკია, სასანია, ალექსანდრია, იოსავა, გვასალია, კიტია, სიხარულია...

 თემის ტერიტორია შეფენილია ბიის მთების სამხრეთ კალთებზე, აქ კარგად ხარობს დაფნა, ციტრუსი, ტუნგო. მოსახლეობა მისდევს მესაქონლეობას და მემარცვლეობას. ფუნქციონირებს დაფნის დამამზადებელი საამქროები. თემში მოქმედებს საჯარო და საბაზო სკოლები, 2 საბავშო ბაღი, პროფესიული სწავლების ცენტრი.

კუთხე ნოჯიხევის სასაფლაოდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის ნაშთები მდებარეობს. იგი ნაგებია მოზრდილი რიყის ქვებით. ციხე გზასაყართან მდებარეობდა, ქუთაისიდან მომავალი გზა აქ იყოფოდა, ერთი აფხაზეთისაკენ მიდიოდა, ხოლო მეორე - ფოთი-ყულევის მიმართულებით. ციხესთან ყოფილა ადგილი, რომელსაც ,,ნაოხვამუს“ ეძახდნენ (,,ოხვამე“ სალოცავს ნიშნავს). ხშირ შემთხვევაში ,,ნაოხვამუ“ ძველ კოლხურ სამარხს წარმოადგენს, იგი ფოთის კოლხური მუზეუმის დამაარსებლის ბესარიონ გოგოლიშვილის მიერ შედგენილ კოლხეთის არქეოლოგიურ სქემატურ რუკაზეა აღნიშნული. სამწუხაროდ, ეს ძეგლი წაშლილია და მისი პოვნა ჭირს, რადგან მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მიმდინარეობდა ციხის მიმდებარე ტერიტორიების დატერასება, რასაც წინ უძღოდა ბულდოზერის ტიპის ტრაქტორებით ტერიტორიის დამუშავება. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა აღნიშნული ძეგლის განადგურება. ციხის ირგვლივ 500 მ. რადიუსში ვიზუალურად შეინიშნება ჩვენს ერამდე პირველი ათასწლეულის ძველკოლხური და ბერძნული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბათქაშები.

კუთხე ნოჯიხევის სასაფლაოზე ადრე წმინდა მთავარანგელოზების ხის ეკლესია მდგარა იგი ბოლშევიკებს 1924 წელს დაუნგრევიათ. აქ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში მსახურობდნენ მღვდელნი: ანტონ სასანია, გაბრიელ სიჭინავა, ნიკოლოზ სასანია, მაქსიმე სიჭინავა, ალექსი კაჭარავა, იოანე ჯიქია, თადეოზ სასანია, სტეფანე სახოკია, დიაკვანი მოსე ჯორბენაძე, მედავითნენი დავით ბოლქვაძე და ლუკა ჯორჯიკია.

უხუცესების გადმოცემით, აფხაზეთში მიმავალ თამარ მეფეს ღამე ნოჯიხევში გაუთევია, ისე მოსწონებია აქაურობა, რომ დაულოცავს და უკურთხებია, ამის შემდეგ თითქოს ამ სოფელს ,,კურთხეულ ნოჯიხევს“ ეძახდნენ. ბოლშევიკების გასვლის შემდეგ სიტყვა ,,კურთხეული“ ,,კუთხეთი“ შეიცვალა და სოფლის სახელწოდებად ,,კუთხე ნოჯიხევი’’ დამკვიდრდა. ამ ეკლესიასთან იცოდნენ ჯარიანობა, რომელსაც ,,ცააშხა კარობუას“ ეძახდნენ. აქვე აღნიშნავდნენ ,,ქენჯერობის’’ დღესასწაულს, სამწუხაროდ, არავინ არ იცის ამ დღესასწაულების არსისა და დანიშნულების შესახებ, თუმცა გადმოცემის თანახმად, ნოჯიხევის წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესიას მშობლები განსაკუთრებულად შესთხოვდნენ ოჯახის უფროსი ვაჟიშვილების მფარველობას. ასევე გადმოცემით, ნოჯიხევში ხუთშაბათ დღეს მიცვალებულს არ მარხავდნენ. ამ ეკლესიაში 1892 წელს ჯვარი დაუწერიათ იონა მეუნარგიას და ნინო ჯორჯიკიას. ნოჯიხევის ტერიტორიაზე მდებარეობს სახელგანთქმული ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი, რომელსაც თანამედროვე სახე მე-13-მე-14 საუკუნეების მიჯნისას მიუღია. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა ძველი წელთაღრიცხვით მე-8-მე-7 საუკუნეების ნამოსახლარები, ადრეული ხანის ნაეკლესიარი, ხოლო ტაძრის შიგნით აღმოჩდა ძველ დადიანთა საგვარეულო საძვალე, რომელშიც უნდა იყოს დასვენებული ეროვნული გმირისა და წმინდანის ცოტნე დადიანის ძვლები. არქეოლოგიურ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ხობის მონასტერში დასვენებული იყო უდიდესი სიწმინდეები: ღვთისმშობლის კვართი, წმინდა გიორგის ბარძაყის ნაწილი, იოანე ნათლისმცემლის ნაწილი, მაცხოვრის წვერის ღერები, ღრუბელი, რომლითაც ჯვარზე გაკრულ მაცხოვრს ძმარი მიაწოდეს, წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმინდა ივლიტეს მკლავი, წმინდა თევდორეს ტანის ნაწილი, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლისეული მრავალნაწილიანი ხატი, რომლის შუაში ჩასმული იყო ძელიცხოვლის ჯვარი, ხოფის თეთროსანი ღვთისმშობლის ხატი, წმინდა გიორგის ხატი  (შოთა რუსთაველის ოჯახიდან) და სხვა სიწმინდეები. ამჟამად ეს სიწმინდეები სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული. უნდა აღინიშნოს, რომ ხობის ტაძრის იატაკის ქვევით არსებული სივრცეების არქეოლოგიურმა შესწავლამ დაადასტურა ნაგებობის ქვევით უფრო ძველი ნატაძრალის ნაშთების არსებობა. ხობის მონასტერი შუა სააუკუნეებში აფხაზეთის კათალიკოსების რეზიდენციად და საძვალედაც ითვლებოდა. შემორჩენილია მე-13 საუკუნის ფრესკები. მონასტერს ეკუთვნოდა მამულები ბიაში, ნოჯიხევში, ხობში, ხორგაში, სახარბედიოში, ხოლო აქ მოსახლე 410 კომლი აზნაური და გლეხი ხობის თეთროსანი ღვთისშობლის ხატის ყმებად ითვლებოდა.

ხობის ტაძრის ბოლო არქიმანდიტი ალექსი მირცხულავა იყო. ამჟამად აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს, იგი ფოთისა და ხობის ეპარქიის კათედრას წარმოადგენს. მე-19 საუკუნის შუა ხანებში ყირიმის ომის დროს მონასტერს საფრთხე დამუქრებია, რადგან აქ თურქეთის ჯარი დაბანაკებულა, სიწმინდეები მანამდე გაუხიზნავთ, ხოლო ნაგებობების მცველად ბერი ჟორდანია დარჩენილა. შემდგომ ნოჯიხევის მიდამოებში აჯანყებულ უტუ მიქავას რაზმელები მდგარა. 1905 წელს ხობი და ნოჯიხევი ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი ექსპედიციისაგან ვაჭარ პავლე ცქირიას გადაურჩენია, მას ფულითა და საჩუქრებით მოუქრთამავს რუსი გენერალი.

ნოჯიხევში სკოლა 1875 წელს დაუარსებიათ. 1900 წელს ხობის მონასტერთან არქიმანდრიტ სიმონ აფაქიძეს სამრევლო სკოლა გაუხსნია, ხოლო ნოჯიხევის წმინდა მთავარანგელოზების ეკლესიასთან სპირიდონ ჯორჯიკიასა და ვერა სიჭინავას 1901 წელს საქალებო სასწავლებელი გაუხსნიათ.

ნოჯიხეველებს აქტიური მონაწილეობა მიუღიათ 1924 წლის აჯანყებაში, მისი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე 23 წლის კლიმენტი სასანია ბოლშევიკებმა სასამართლოს გარეშე დახვრიტეს.

ნოჯიხეველი იყო ლაზარე შურღაია, რომელსაც ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაუმთავრებია, იგი 1918 წელს თბილისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში პროფესორად მიუწვევიათ, შემდგომ საქართველოს ადვოკატთა კავშირის თავმჯდომარე ყოფილა, ხობის რკინიგზის სადგური მისი თაოსნობითა და ინიციატივით გახსნილა.

 

ლიტერატურა:

თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური,თბილისი 2004 წელი.

პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.

ნოდარ შონია, მე და ჩემი ხობი, ქუთაისი 1985 წ.

გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.

ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.

ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001


ასევე იხილე კატეგორიაში - ნოჯიხევი: