Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2014-08-28
მარიამობა - ათორმეტთაგან ერთი საუფლო დღესასწაულია
28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა. მრევლთან ერთად წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.
მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ - სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე.
მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს - ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.
მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს.
ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი - თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.
2014-08-28
კონფერენცია „ღვთისმშობლის კალთის ქვეშ“
28 აგვისტოს ხობში, ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „ღვთისმშობლის კალთის ქვეშ“, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსხაურის ორგანიზებით წელს პირველად გაიმართა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თემები: „ხობის მონასტერი არქეოლოგია და სიწმინდეები“ (მომხსენებელი გოგიტა ჩიტაია), „თორსის არქეოლოგიური გათხრები ძველი კოლხური კულტურისა და ანტიკური ხანის ნამუშევრები“ (მომხსენებელი ლევან ჭაბაშვილი). კონფერენციის დასასრულს საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა სადაც ყურადღება გამახვილდა ხობის მონასტრის მნიშვნელობაზე, მასში დავანებულ სიწმინდეებზე და მათ ისტორიაზე. ასევე გაკეთდა მიმოხილვა ხობის მონასტრის კათალიკოსთა მოსაზრებების სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში არსებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, დაისახა სამომავლო გეგმები. კონფერენციას სამღვდელოებასთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
2014-08-28
საჯიჯაოში ტრადიციული მარულა გაიმართა
 28 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში ხუთ სოფელს შორის ტრადიციად ქცეული მარულა ჩატარდა.
მარულა საცხენოსნო შეჯიბრების ერთ-ერთი უძველესი ეროვნული სახეობაა, რომელიც საჯიჯაოში მარიამობის დღესასწაულზე შპს „რუკა მაპინგის“ ინიციატივით 11 წელიწადია იმართება. წელს შეჯიბრში ოცდაათმა მხედარმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 3000 მეტრ გარბენში პირველი ადგილი ღირსეულად მოიპოვა მამუკა ქანთარიამ, მეორე ადგილზე გავიდა ვიტალი კაჭარავა, ხოლო მესამე ადგილზე - ბეჟან ქავთარაძე. 
ტრადიციულ მარულას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია დაესწრო. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფულადი საჩუქრებით. ღონისძიებაზე საჯიჯაოს მკვიდრს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონს ჯონი ხეცურიანს შპს „რუკა მაპინგისგან“ საჩუქრად ფულადი თანხა 500 ლარი გადაეცა.