ძვირფასო ახალგაზრდებო!
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში მოხალისეების განვითარების პროგრამის - „საქართველოს მოხალისეს“ განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე, უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.
პროგრამის განხორციელებას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს 10 რეგიონში კონკურსის საფუძველზე შეირჩა 10 რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოხალისეების შერჩევასა და კოორდინირებას.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 67 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 134 მოტივირებული მოხალისე, 2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის“ სტატუსს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 25-მარტიდან-17 აპრილის ჩათვლით საიტზე www.mokhalise.ge.
შერჩეული ახალგაზრდები 6-დან 10 მაისის ჩათვლით დაბა ბაკურიანში გაივლიან 5 დღიან ტრენინგებს და „ საქართველოს მოხალისის“ სტატუსს მიიღებენ.















