ხობის მუნიციპალიტეტში მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგელოზე“ წელს მეექვსედ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი ანსამბლ „მზიურს“ მიეძღვნა სლოგანით „მზიურის ფესვებიდან“, სადაც „მზიურის“ ყველა თაობის მომღერლებმა ანსამბლის ძველი სიმღერები შეასრულეს. ხობის საერთაშორისო ფესტივალი ორი დღე მიმდინარეობდა და მასში ქართველი ესტრადის მომღერლებთან ერთად რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან და ლიტვიდან ჩამოსულმა მომღერლებმაც მიიღეს მონაწილეობა. მომღერალმა თამარ გვერდწითელმა ორი სოლო სიმღერა შეასრულა და კონცერტი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და ოვაციებით დასრულდა.
ფესტივალის იდეის ავტორია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, ფესტივალის ორგანიზატორები კი - განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.
ხობის საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ფონდ „ხობის“ გამგეობის წევრს ბადრი ბერაიას და ბიზნესმენებს მერაბ ჭოჭუას და თენგიზ ხარებავას. ჩამოსულ სტუმრებს გიდობა გაუწიეს ადგილობრივებმა და მოილოცეს ხობის მუნიციპალიტეტის ეკლესია-მონასტრები.
ხობის მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.















